პოლიგრაფიული ისტორია საქართველოში (XIX-XX საუკუნე)



XIX საუკუნის რეფორმების შემდგომ პერიოდში პოლიგრაფიული საწარმოების რიცხვი თვალსაჩინოდ გაიზარდა. პოლიგრაფიის მანქანურ ყაიდაზე გარდაქმნა უფრო ინტენსიურად მიმდინარეობდა 80-90-იან წლებში. მაგრამ XX საუკუნის დამდეგისათვის საკმაოდ შემორჩა წვრილი, ხელით შრომაზე დამყარებული სტამბები და საამკინძაოები. 900-იან წლებში საქართველოში აღირიცხა 24 პოლიგრაფიული საწარმო 590 მუშითა და 443 940 მანეთის პროდუქციით. მათგან მანქანურ ყაიდაზე იყო გამართული 8 საწარმო (ჯაბადარის ქართული საგამომცემლო ამხანაგობის სტამბა, მთავარმმართებლის კანცელარიის, მესხის, სამხედრო ოლქის შტაბის სტამბები და სხვ.), რომლებიც იძლეოდნენ პროდუქციის 80%-ს. მომდევნო პერიოდში მსხვილ პოლიგრაფიულ საწარმოთა ხვედრითი წონა კიდევ უფრო გაიზარდა. 1908 წელს საქართველოში აღირიცხა 32 სტამბა და საამკინძაო, რომელთა 800 მუშა წლიურად უშვებდა 533 343 მანეთის პროდუქციას. მათგან მსხვილი საწარმო იყო 15,670 მუშითა და 495 700 მანეთის წლიური პროდუქციით.

პოლიგრაფიულ მრეწველობაში მსხვილი სააქციო საზოგადოება არ ჩამოყალიბებულა. სამაგირეოდ, საკმაოდ აქტიურად საქმიანობდნენ საპაიო ამხანაგობები (ჯაბადარის და კომპანიის, ლიბერმანის ამხანაგობა „შრომა“, კ. ქავთარაძის ამხანაგობა „სინათლე“ და სხვ.). 1913 წლისათვის საქართველოში მოქმედებდა 30-მდე პოლიგრაფიული საწარმო, 890 მუშითა და 610 000 მან. პროდუქციით. მათგან 16 მსხვილი საწარმო, რომლებშიც დასაქმებული იყო 750- მდე მუშა, წლიურად უშვებდა 511 000 მანეთის პროდუქციას. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ წვრილი სტამბების უმრავლესობა დაიხურა, მსხვილი სტამბებისა და საამკინძაოების საქმიანობა კი შეიკვეცა.

დიღმის მასივი, თბილისი, საქართველო

©2018. პრინტ პ • Print P